შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ

  • თარიღი:

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაიწყო  საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

2023 წლის 27 დეკემბერს შპს ,,ქართული ორაგულის საწარმომ“, განცხადებით მომართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის N639 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს საზღვაო წყლებში მარიკულტურისათვის გამოყოფილ (თევზის) ზონა N2 და (მოლუსკების)N6 ზონაში, აკვაკულტურის ნებართვის გაცემა 20 წლის ვადით.

ინვესტორის შემოთავაზება მოიცავს 175 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას აკვაკულტურის სექტორში. წარმოდგენილი განაცხადით კომპანია გეგმავს, ეტაპობრივად 10 წელში და შემდგომ ყოველწლიურად 75 000 ტონა ორაგულის სახეობების თევზისა (ცისარტყელა კალმახი და კეთილშობილი ორაგული) და 5000 ტონამდე მიდიების წარმოებას. განაცხადით გათვალისწინებულია არანაკლებ 900 ადამიანის დასაქმება.

შემოთავაზება გულისხმობს ინვესტიციების განხორციელებას 10 წლიან პერიოდში, სადაც:

პირველი ეტაპზე გათვალისწინებულია: 25 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია და 175 ადამიანის დასაქმება; თევზის ინკუბატორის მშენებლობა ხმელეთზე; თევზის გადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობა; საწარმო პროცესის დაწყება ზღვის აკვატორიაში; 9000 ტონამდე თევზის წარმოება-გადამუშავება; მიდიების წარმოების დაწყება; თევზის დაავადებათა სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის შექმნა; მცურავი საშუალებების შეძენა.

მეორე ეტაპზე განხორციელდება: 45 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია და 200 ადამიანის დასაქმება; თევზის საკვების საწარმოს მშენებლობა; დამატებითი ინვესტიცია ინკუბატორში წარმადობის გასაზრდელად; დამატებითი ინვესტიცია გადამამუშავებელ საწარმოში გაზრდილი მოცულობების დასაკმაყოფილებლად; დამატებითი ინვესტიცია მცურავ საშუალებებში; დამატებითი ინვესტიცია ზღვის აკვატორიაში.

მესამე ეტაპზე გათვალისწინებულია: 105 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია და 525 ადამიანის დასაქმება, აღნიშნული ინვესტიცია პროპორციულად გადანაწილდება ყველა მიმართულებით მოცულობების გასაზრდელად.

კომპანიას ასევე წარმოდგენილი აქვს დამატებით შემოთავაზებები; 1. არანაკლებ 30 სტუდენტის სასწავლო პროცესის დაფინანსება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აკვაკულტურის ფაკულტეტებზე და მათ პროფილით დასაქმება. 2. მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ ფერმერებთან, ზღვაში არსებულ გალიებში ჩასასმელი მასალის წარმოებისათვის. 3. ბრენდის ,,ქართული ორაგული“ შექმნა და ა.შ.

შენიშვნების და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 150; ან ელექტრონული ფოსტის  info@nea.gov.ge საშუალებით 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

დანართი: განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია