შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით

  • თარიღი:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს  განცხადებით მომართა შპს ,,საირმის სამონადირეო მეურნეობამ“ (ს/ნ 425057573), სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 30 წლით გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადების თხოვნით. ლიცენზიის გაცემა მოთხოვნილია ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ვანი-ბაღდათის სატყეო უბნის სულორის N15;19;23-26;33-36;39-42, ვანი-საირმის N11;14;15;18-21;23; 22;24-55;58, საირმის N4-58, ქერშავეთის N5;12;13 კვარტლებში 13296 ჰა ფართობზე.

განცხადებაში მითითებულია, რომ სამონადირეო მეურნეობის შექმნა და მისი შემდგომი ფუნქციონირების მიზანია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე გარეულ ცხოველთა დაცვა, აღწარმოება, მდგრადი სარგებლობა, საბინადრო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა, საჭიროების შემთხვევაში სანადირო ნადირ-ფრინველის ხელოვნურ მოშენება და მათი რაციონალური გამოყენება.

,,საირმის სამონადირეო მეურნეობა“ იღებს ვალდებულებას: 4 წელში განახორციელოს გარეულ ცხოველთა დაცვის, გამრავლების და მათი საბინადრო გარემოს დაცვის კომპლექსური ღონისძიებები. რისთვისაც, კომპანია განახორციელებს  4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ინვესტიციას.

კომპანიის განცხადებით, მისი მიზანია საირმეს დაუბრუნოს ირემი, რისთვისაც მოეწყობა კეთილშობილი ირმის საშენი და უზრუნველყოფილ იქნება ბუნებაში მათ გაშვება. ამასთან, განხორციელდება არჩვის რეინტროდუქცია, კვლევა და აღდგენის ღონისძიებები.

ტურისტული მიმართულებით, კომპანია უზრუნველყოფს ეკოტურიზმის, სამოყვარულო - ტურისტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმის  განვითარებას და ამ მიზნით სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსებას.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ცხოველთა სამყაროს მდგომარეობა, მოხდება მისი კონტროლი, აღრიცხვა, ადგილზე გამოირიცხება ბრაკონიერობა და საირმის ტყეები დაიბრუნებს თავის ისტორიულ როლს.