გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემა შეიძინა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა - საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემა  შეიძინა.

ICT სისტემის გამოყენებით, განხორციელდება მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების მონაცემების  ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე  შეკრება, ხარისხის კონტროლი და გავრცელება, ასევე, ამინდის პროგნოზის მსოფლიო ცენტრებიდან სინოპტიკური პროდუქტების მიღება და მათი ვიზუალიზაცია.

ICT სისტემა ასევე მოიცავს მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და მასთან დაკავშირებული გეოლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული შეტყობინებების გავრცელების კომპონენტს, რომლის გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში.

საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემა უზრუნველყოფს ამინდსა და კლიმატზე დამოკიდებული ეკონომიკური სექტორების (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ.) და მოსახლეობის მაქსიმალურად ზუსტ ინფორმაციულ მომსახურებას.

აღჭურვილობის ღირებულებამ 3 139 755 ლარი შეადგინა.