ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის (TIMMOD) ფარგლებში, შავ ზღვაში წყლის კვლევები განხორციელდა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა გარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად“ (TIMMOD) ფარგლებში, საპილოტე სადემონსტრაციო კვლევები განახორციელა, რომელშიც, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, პროექტის პარტნიორი ქვეყნების (ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, მოლდოვა და საბერძნეთი) წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
წყლის ხარისხის ბიოლოგიური და ქიმიური კვლევები, რამდენიმე ლოკაციაზე, მრავალსენსორიანი ზონდის და მაღალტექნოლოგიური წყალქვეშა რობოტის გამოყენებით განხორციელდა. წყლის ხარისხზე და თევზის სიუხვეზე დაკვირვებით, შეგროვდა დამატებითი შედეგობრივი მაჩვენებლები, რაც ხელს შეუწყობს თევზის მარაგების შეფასებას და მოდელირებას.
პროექტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრაც, სადაც მონაწილეებმა ჩატარებული კვლევების შედეგები შეაჯამეს.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის აუზის დაცვისა და საზღვაო ნარჩენების შემცირების კოორდინირების ხელშეწყობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტის მიზანი თევზის და არათევზეული რესურსების შეფასება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებაა.