შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს სპეციალისტებისთის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის აღსრულების შესახებ ტრენინგი გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის აღსრულების საერთაშორისო პრაქტიკის საკითხზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს საერთაშორისო ექსპერტი  ემანუელე ფერეტტი უძღვებოდა.

ტრენინგის მონაწილეები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში იტალიის გამოცდილებას და დაზიანებული ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენისთვის საჭირო გამოსასწორებელი ღონისძიებების იდენტიფიცირებისა და განსაზღვრის მეთოდებს გაეცნენ.

2022 წლის 1 ივლისს, საქართველოში ძალაში შევიდა „ევროდირექტივასთან“ ჰარმონიზებული ახალი კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებს ეხება და პირდაპირ კავშირშია გარემოსდაცვითი მმართველობის და აღსრულების სისტემის გაუმჯობესებასთან.

კანონი არეგულირებს გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციასთან,  შერბილებასთან, აღმოფხვრასთან და გარემოს მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოიცა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ადგენენ გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესს, დაზიანებული გარემოს გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებს და ალტერნატიულ ტერიტორიაზე განსახორციელებელი სანაცვლო გამოსასწორებელ ღონისძიებებს.

 „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ევროდირექტივის დებულებების იმპლემენტაციის პროცესში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, მათი საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალმა სისტემამ შემოიტანა სრულიად ახლებური მიდგომა, რომელიც ეფუძნება პრინციპს „დამბინძურებელი იხდის“ და გულისხმობს გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი პირისთვის ვალდებულების დაკისრებას“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მაია ბერაძემ.

ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრის (REC CAUCASUS) პროექტის ფარგლებში იყო ორგანიზებული.