გარემოს ეროვნული სააგენტო

განცხადება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის შესახებ

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #413 დადგენილების თანახმად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აწარმოებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან.

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების მიხედვით, რომლებიც საქმიანობის სუბიექტებმა, საანგარიშო 2021 წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა, ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/) მეშვეობით უნდა შეავსონ და შესათანხმებლად წარუდგინონ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამის სამსახურებს.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო  და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას წარდგენილ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების დადასტურების თაობაზე იღებენ არაუგვიანეს 1 აპრილისა.

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსებას ელექტრონული სახით აწარმოებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველა სტაციონარული ობიექტი, გარდა „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #413 დადგენილების მე-41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტებისა.