თბილისში EUMETSAT-ის ორგანიზებით რეგიონული ღონისძიება გაიმართა
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და სატელიტური მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაციის (EUMETSAT) მხარდაჭერით, თბილისში რეგიონული ღონისძიება - „საინფორმაციო დღე აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის“ გაიმართა.
„ქვეყნების მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სატელიტური მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაციის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია აქტიურად გამოიყენება როგორც ამინდისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების შესადგენად, ასევე, წყლის რესურსების შესაფასებლად, გლაციოლოგიური მონიტორინგის და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის საფარის მონიტორინგის საწარმოებლად, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის მიმართულებით ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციით მომსახურების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რამაზ ჭითანავამ.
შეხვედრის ფარგლებში გაზიარებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურებში სატელიტური ინფორმაციის უფრო მეტად ეფექტიან გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, გააუმჯობესებს ეკონომიკის დარგების და ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურების ხარისხს.
აღსანიშნავია, რომ, ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს მწვანე კლიმატის ფონდის, შვეიცარიის და შვეციის მთავრობების მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტი, რომელიც ქვეყანაში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანი სისტემის შექმნას და სოფლის მეურნეობის აგრომეტეოროლოგიური მომსახურების არსებითად გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად ფართოვდება მიწისპირა მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელი, ინერგება ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების თანამედროვე მოდელები. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია EUMETSAT-ის სატელიტურ მეტეოროლოგიური ინფორმაციასთან შეუფერხებელი წვდომა.