შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოში ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტების სპეციალისტების: ლ. ქართველიშვილის, მ. ტატიშვილის, ა. ამირანაშვილის, ლ. მეგრელიძის და ნ. კუტალაძის ავტორობით  შექმნილი მონოგრაფიის „ამინდი, კლიმატი და მათი ცვლილების კანონზომიერებანი საქართველოს პირობებში”  პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, მეცნიერები და სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის ფარგლებში, დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ჰიდრომეტეოროლოგიის და გეოფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიიღეს. გამომსვლელებმა ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს და მის სამეცნიერო ღირებულებას გაუსვეს ხაზი.

მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა და მასში თავმოყრილია ავტორების მიერ შესრულებული კვლევის მასალა ამინდის, კლიმატის ფორმირებასა და ცვალებადობაზე. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ერთობლივი ნაშრომი საქართველოში პირველად შეიქმნა და გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ნაშრომში გამოყენებულია დაკვირვების მიწისპირა, თანამგზავრული და მოდელური მონაცემები. გამოთვლები შესრულებულია თანამედროვე პროგრამული პაკეტების გამოყენებით. 
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესწავლილი ამინდის ცვლილების კანონზომიერებები და კლიმატის მიმდინარე ცვლილების ტენდენციები მრავალწლიური მონაცემების დამუშავების საფუძველზე.