ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა შემუშავდა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ქვეპროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა შემუშავდა.
აღნიშნული გეგმა ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სათანადო ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ცენტრალური ზონა ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს მოიცავს.
აღნიშნული გეგმა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629 დადგენილებით დამტკიცებულ „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესს“ შეესაბამება და წარმოადგენს ეროვნულ საკანონმდებლო ვალდებულებას, რომელიც ასევე გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და შესაბამისი ევროდირექტივებით.
ცენტრალური ზონის მართვის გეგმა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შემუშავდა, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს N1431 განკარგულებით დამტკიცდა.