18 სექტემბერს წყლის ხარისხის მონიტორინგის მსოფლიო დღე აღინიშნება
წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ 2003 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.
დღეის მდგომარეობით, სააგენტოს მიერ, წლის განმავლობაში, ზედაპირული წყლის მონიტორინგი 231 წერტილში, ხოლო მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი, 68 წყალპუნქტზე, მათ შორის, 62 ჭაბურღილზე და 6 წყაროზე ხორციელდება.
რაც შეეხება ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელის გაფართოებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაკვირვება დაახლოებით 60 წერტილზე მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგსაც. კვლევებით ისაზღვრება წყლის ქიმიური პარამეტრები.
წყლის ხარისხის კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ხორციელდება, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო ISO17025 სტანდარტის შესაბამისად.
18 სექტემბერს წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის გაზრდას წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და დაცვაში.