ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნითი კონფერენცია გაიმართა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფართოვდება ჰაერის ხარისხის ავტომატური მონიტორინგის ქსელი. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების კონცენტრაციის მონიტორინგი. გარდა ამისა, საქართველოს 30 ქალაქში ტარდება ჰაერის ხარისხის ინდიკატორული გაზომვები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სფეროში“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით, ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა შემუშავდა, რომელიც საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს N1431 განკარგულებით დამტკიცდა. აღნიშნული გეგმა ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სათანადო ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს და შესაბამისობაშია ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებებთან და შესაბამის დირექტივებთან.
აღნიშნული პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერებას, რომელიც წინა ფაზაში დაიწყო და საფუძველი ჩაუყარა ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყებას.
შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიება პროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში გაიმართა.
პროექტი „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.