ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქ. რუსთავში ახალი ავტომატური სადგური შეემატა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქ. რუსთავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. 2023 წლის ბოლომდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება.
„ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს ქ. რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ფასდაუდებელია პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.
„უკვე ახალ რუსთავშიც გვექნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგური, საიდანაც 24 საათის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას. ეს მოგვცემს საშუალებას, დავგეგმოთ ამ მიმართულებით ახალი ღონისძიებები და პროექტები”, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.აღნიშნული სადგურიდან მიღებული მონაცემები განთავსდება სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge
„მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფებით რუსთავში და ვხსნით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურს. მსურს მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლის მხარდაჭერას გააგრძელებს შვედეთის მთავრობა, რათა საქართველოს ჰქონდეს ჰაერის ხარისხის შესაბამისი მონიტორინგის სისტემა. მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი ასპექტია“, - აღნიშნა საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა ერიკ ილესმა.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.