შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს თბილისში კიდევ ერთი ახალი ავტომატური სადგური შეემატა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს თბილისში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. 2023 წლის ბოლომდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი, ასევე, სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიმართულებით ფასდაუდებელია პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

„ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წელს არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივები გვქონდა საკანონმდებლო დონეზე. შემოვიღეთ სხვადასხვა რეგულაციები სამრეწველო სექტორის, ასევე, ავტოტრანსპორტის მიმართულებით, რომელიც დიდ ქალაქებში არის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სრულიად თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი მონიტორინგის სადგური გავხსენით და აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე, ასევე მათი მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით დამატებით ახალი რვა სადგური გვექნება. ეს პროექტი გრძელდება და მომავალი წლიდან უკვე ევროკავშირის მხარდაჭერით, მთლიანად დაიფარება მთელი ქვეყნის ტერიტორია. ქვეყნის მასშტაბით 27 ასეთი სადგური გაიხსნება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს უტყუარი ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

„საქართველოს ჰაერის ხარისხის მართვის კუთხით დღეს მნიშვნელოვანი დღეა. დამონტაჟდა კიდევ ერთი ავტომატური სადგური თბილისში, რომელიც იძლევა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ტრანსპორტის, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც დადებითად აისახა ევროკავშირის მოხსენებაში. ასევე, აღსანიშნავია ის დიდი წვლილი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიტანა მონიტორინგის გაუმჯობესებაში. შვედეთის მთავრობა, თავის მხრივ, გააგრძელებს მხარდაჭერას, რათა საქართველოს ამ მიმართულებით ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის სისტემა“, - აღნიშნა საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები და პროექტები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული მონაცემები განთავსდება სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge