2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში და მიმდინარე წელს, 6 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში განვითარებული მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა და ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
წარმოდგენილი დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას სტიქიის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და რეკომენდაციებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტიქიური მოვლენების გახშირების ფაქტებზე ისაუბრა და ყურადღება სტიქიების მიზეზების დადგენის, პრევენციის შესაძლებლობის ან შეუძლებლობის განსაზღვრის, ასევე, მეცნიერულად დასაბუთებული და ობიექტური დასკვნების მომზადების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მინისტრმა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კატასტროფების რისკების ეფექტიანი მენეჯმენტის სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება არის პირველადი ამოცანა. შარშანაც ჩვენ დამატებითი სახსრები გამოვყავით, რომ მონიტორინგის სისტემები შეგვეძინა, ასევე, მნიშვნელოვანია სააგენტოს შესაბამისი საკადრო რესურსებით გაძლიერება. გასულ წელთან შედარებით, წელს კიდევ 13 მლნ ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მონიტორინგის სისტემების გაფართოებას; ასევე, ვგეგმავთ მყინვარული ხეობებისა და მეწყრული უბნების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით; ფინეთის მეტეოსამსახურთან, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, გვაქვს დაგეგმილი თანამშრომლობა საინფორმაციო სისტემის გამართვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მომზადებული დასკვნა და ანგარიში, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა წარადგინა.
დარგის ექსპერტებმა წარმოდგენილი დასკვნის და ანგარიშის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა და მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროცესების შეფასებასა და მართვაში. დარგის სპეციალისტებმა, ექსპერტებმა და მეცნიერებმა გამოთქვეს მზაობა სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლონ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.
შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტები შედგენილია სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აეროფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე, საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების და შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების საფუძველზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ.