შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

მესტიაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგური გაიხსნა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს მესტიაში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 18 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის, 15 ავტომატური და 3 მობილური.

ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის თანამშრომლობის პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელ ნათია ბერიძესთან ერთად გახსნა.
აღსანიშნავია, რომ სადგური აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-დანადგარებით და შესაძლებლობას იძლევა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სრულყოფილი მონაცემები 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს. მონიტორინგის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), ოზონის (O3) და მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობები.
პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემები ეტაპობრივად განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს პორტალზე - www.air.gov.ge.