გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტის  რუტა კურიენეს მიერ შემუშავდა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების პროგნოზირების სისტემა და მომზადდა გაფრთქვევების პროგნოზები 2025, 2030 წლებისთვის;  გაიმართა ორდღიანი ტრენინგი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის. ტრენინგის დროს მონაწილეები გაეცნენ  ემისიების პროგნოზირების შესახებ ინფორმაციას, რაც მათ საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად, დამატებითი ხარჯების გარეშე განახორციელონ პროგნოზირება.

„ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“  გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, მომზადდა 1990-2018 წლებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ინვენტარიზაციის ანგარიში, რომელიც „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციის (ჰაერის კონვენცია) სამდივნოს წარედგინება. ემისიათა ინვენტარიზაცია არის სწორი ჰაერდაცვითი პოლიტიკის წარმოების ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს დაბინძურების ძირითადი წყაროები. ამასთან, გაუმჯობესებული ანგარიშის ჰაერის კონვენციის სამდივნოში წარდგენით ქვეყანა შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებას.