გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქ. კაიროში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქ. კაიროში გამართულ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020 -ის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტის „MedEWSa - ხმელთაშუა და ევროპული საპროგნოზო და ადრეული გაფრთხილების სისტემები ბუნებრივი საფრთხეების წინააღმდეგ“ კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა მათ მიერ წყალდიდობებისა და მეწყერების საფრთხეებთან მიმართებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. მხარეებს შორის აღნიშნული საფრთხეების მონიტორინგისა და მართვის მიმართულებით მოხდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.
პროექტის მიზანს ევროპის, ხმელთაშუა ზღვასა და აფრიკის რეგიონებში კლიმატის ცვლილებით გამწვავებული სტიქიური მოვლენების მიმართ ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესება, ასევე, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „MedEWSa - ხმელთაშუა და ევროპული საპროგნოზო და ადრეული გაფრთხილების სისტემები ბუნებრივი საფრთხეების წინააღმდეგ“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო სლოვაკეთის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობს. შესაბამისად, შერჩეულია საპილოტე არეალები თბილისსა და სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, სადაც იგეგმება წყალდიდობებისა და მეწყერების საფრთხეების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა.
