გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი და სპეციალისტი, ქ. ტრაბზონში რეგიონული პროექტის ფარგლებში გამართულ კომიტეტის სხდომას დაესწრნენ
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი მარინა მგელაძე და დეპარტამენტის სპეციალისტი გურანდა მახარაძე, ქ. ტრაბზონში, მეთევზეობის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში (SUMAE) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) რეგიონული პროექტის „მეთევზეობისა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვა შავი ზღვისთვის (FishEBM BS)“ ფარგლებში გამართულ კომიტეტის სხდომას დაესწრნენ.
სხდომის ფარგლებში, პროექტის მიერ გასულ წელს მიღწეული ძირითადი შედეგები, განხორციელების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი გადაჭრის მექანიზმები კომპლექსურად შეფასდა.
მმართველმა კომიტეტმა მიმდინარე წლის სამუშაო გეგმა და შესაბამისი ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომაზე აღინიშნა, რომ პროექტის მხრიდან გაგრძელდება საქართველოს ინსტიტუციური და ტექნიკური მხარდაჭერა, მდგრადი მეთევზეობისა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის პრინციპების დანერგვისა და გაძლიერების მიმართულებით.
პროექტის მხარდაჭერით დაგეგმილია დემერსალური თევზის სახეობების და მოლუსკ რაპანის კვლევები, ასევე, ჰიდროაკუსტიკური კვლევის მეთოდების ჰარმონიზაციის მიმართულებით ტრენინგები და შავი ზღვის რეგიონულ ჭრილში ერთობლივი სამეცნიერო ექსპედიციების განხორციელება.
აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მეთევზეობის სექტორში მდგრადი პრინციპების გაძლიერებას, საზღვაო რესურსების გრძელვადიან დაცვასა და რაციონალურ გამოყენებას.
