სააგენტოს წარმომადგენელმა ბრატისლავაში გამართულ რეგიონალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის სპეციალისტმა ანი მარტყოფლიშვილმა, ქ. ბრატისლავაში, ელექტრონული ნარჩენების მართვის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ელექტრონული ნარჩენების მართვის საერთაშორისო მოთხოვნებზე, მათ შორის, ახალი ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელების მექანიზმებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს; ასევე, განიხილეს ელექტრონული ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული ნარჩენების მართვის მნიშვნელობას გარემოს დაცვის კუთხით. განხილულ იყო მათი უსაფრთხო შეგროვების, გადამუშავებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო მართვის პრინციპები, ასევე, ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის გაძლიერების საკითხები.
შეხვედრის მიზანს ბაზელის კონვენციის ფარგლებში ელექტრონული ნარჩენების მართვის შესახებ მიღებული ახალი ცვლილებების განხილვა და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, ასევე, ელექტრონული ნარჩენების უკანონო გადაზიდვების პრევენცია, საბაჟო და გარემოსდაცვით უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებასა და ელექტრონული ნარჩენების მდგრად მართვას რეგიონში.
