ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 18 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის, 15 ავტომატური და 3 მობილური
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, 2024-2025 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის (მესტია, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი) და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის (ლენტეხი, ცაგერი) მხარეებში, ასევე აფხაზეთის ა/რესპუბლიკის ოჩამჩირის რაიონში (საფონდო მასალებით) გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოები განახორციელეს.
გეოლოგიური კვლევების საფუძველზე, მომზადდა 1:200 000 მასშტაბის სახელმწიფო გეოლოგიური რუკა, ასევე მინერალური რესურსებისა და ტექტონიკური რუკების კომპლექტი, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სამიზნე არეალის ფარგლებში არსებული გეოლოგიური პირობების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მითითებულ ტერიტორიებზე, გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა არ განხორციელებულა. 2014-2024 წლებში მომზადდა კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ასევე სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აფხაზეთის ნაწილების სახელმწიფო გეოლოგიური რუკები.
გეოლოგიური ანგარიში წარმოადგენს საფუძველს გეოლოგიის ყველა მიმართულებისთვის, მათ შორის, სტიქიური გეოლოგიური პროცესების, მიწისქვეშა წყლების, სასარგებლო წიაღისეულის და სხვა ტიპის გეოლოგიური კვლევებისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში არსებული გეოლოგიური პრობლემების მართვის თვალსაზრისით.
დაინტერესებულ პირებს გეოლოგიური ანგარიშის გაცნობა გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაცულ არქივში შეუძლიათ.
ასევე, გეოლოგიური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
