შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთის დელეგაცია იმყოფებოდა

ვიზიტის მიზანი საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - “მრავლობითი საფრთხეების შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” ფარგლებში მიღწეული შედეგების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.

სამუშაო შეხვედრაზე სააგენტოს სპეციალისტებმა ძირითად გამოწვევებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც პროექტის განხორციელების პროცესში გამოიკვეთა. აღნიშნული გამოცდილება ტაჯიკეთის მხარეს ადაპტაციის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “მცირე ფერმერებისა და მესაქონლეების კლიმატური მდგრადობის გაძლიერება ტაჯიკეთში ინტეგრირებული ლანდშაფტური მიდგომის გამოყენებით” განხორციელებაში და მსგავსი სისტემების განვითარებისას იმ სირთულეებისა და რისკების თავიდან აცილებაში დაეხმარება, რომელიც საქართველომ უკვე გაიარა.

ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის დელეგაციამ სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, თბილისში, ლიბანის ქუჩაზე არსებული მეწყრული უბანი მოინახულა, სადაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამონტაჟებულია თანამედროვე მონიტორინგის აღჭურვილობა.

ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას საქართველოში. ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოსა და შვეიცარიის ხელშეწყობით.