გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ქ. ბანგკოკში გამართულ კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა პანელის (IPCC) პლენარულ სესიას დაესწრო
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა ტაილანდში, ქ. ბანგკოკში კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა პანელის (IPCC) პლენარულ სესიას დაესწრო.
სესიაზე ძირითადად IPCC-ის მუშაობის მარეგულირებელი პრინციპების და პროცედურების განახლების საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც ხელს შეუწყობს მეცნიერების მიერ კლიმატის ცვლილების ნეიტრალური, ობიექტური, გამჭვირვალე, ინკლუზიური და სანდო შეფასებების მომზადებას.
შეხვედრაზე ასევე, კლიმატის ცვლილების მეშვიდე შეფასების ანგარიშის მომზადების ვადები იქნა განხილული.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო პანელის (IPCC) მიერ მომზადებული კლიმატის ცვლილების შეფასების მორიგი ანგარიშის შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში კლიმატის სფეროში ეფექტური ეროვნული პოლიტიკის გატარებას, კერძოდ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილებას და ამ ცვლილებისადმი ადაპტაციის მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების შემუშავებას.
IPCC წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შემსწავლელ ლიდერ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია 1988 წელს, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ. ორგანიზაცია აერთიანებს 195 წევრ სახელმწიფოს. IPCC ობიექტური და გამჭვირვალე მიდგომების საფუძველზე შეისწავლის და აფასებს არსებულ სამეცნიერო-ტექნიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილების რისკების, მათი შესაძლო ზემოქმედების, ადაპტაციის ვარიანტების და შედეგების შერბილების მეცნიერული საფუძვლების შესწავლასთან.
