ბათუმში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ბათუმში, სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები განახორციელა.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს რეგიონულ ოფისში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მონაწილეებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამასთან, მოსწავლეებმა შავი ზღვის თემატიკაზე საკუთარი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
აქტივობის ფარგლებში მონაწილეები თანამედროვე ტექნოლოგიებსაც გაეცნენ, მათ შორის, ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით, გარემოსდაცვით თემებზე შექმნილ საგანმანათლებლო თამაშებს.
მოსწავლეებმა ასევე, დაათვალიერეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური და პრაქტიკულად გაეცნენ მისი მუშაობის პროცესს.
დამატებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე გაიმართა წყლის ზედაპირიდან ნარჩენების შემგროვებელი ინოვაციური დრონის სადემონსტრაციო ჩვენება. აღნიშნული ტექნოლოგია წარმატებით გამოიყენება ევროპის არაერთ ქვეყანაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზღვებისა და ტბების დაბინძურების შემცირებაში.
აქტივობები განხორციელდა პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამის „Interreg NEXT Black Sea Basin Programme“ ფარგლებში და მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მოქალაქეებში გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გაძლიერებასა და შავი ზღვის აუზში დაბინძურების შემცირებას.
