გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი შავი ზღვის ხონთქარას შესახებ საერთაშორისო შეხვედრას დაესწრო
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტი თურქეთის ქალაქ ტრაბზონში, მეთევზეობის კვლევით ცენტრში გამართულ შავი ზღვის ხონთქარას ასაკის განსაზღვრის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
სამუშაო შეხვედრის მიზანი შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ხონთქარას ასაკის განსაზღვრის მეთოდოლოგიის ჰარმონიზაცია იყო. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თევზის მარაგების უფრო ზუსტ შეფასებასა და მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებას.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს თევზის ასაკის განსაზღვრის თანამედროვე ტექნიკებზე, ნიმუშების დამუშავებისა და ანალიზის სტანდარტიზაციის მიდგომებზე, აგრეთვე მონაცემთა ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე.
ღონისძიებაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობდნენ რეგიონული ექსპერტები თურქეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და უკრაინიდან.
აღნიშნულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია შავი ზღვის რეგიონში თევზის რესურსების მდგრადი მართვის გაძლიერებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით.
