ფოთში მეთევზეობისა და აკვაკულტურის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და თევზჭერის სექტორის წარმომადგენლები ქ. ფოთში ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობის მიმართულების ოფიცერს, დენის რეისს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს მეთევზეობისა და აკვაკულტურის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სააგენტოს სპეციალისტების მიერ მეთევზეობის მიმართულებით განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით თევზჭერას და თანამედროვე, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი მეთოდოლოგიების დანერგვას.
ამასთან, მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის ხმელთაშუაზღვის მეთევზეობის გენერალურ კომისიასთან თანამშრომლობა.
დისკუსიების ფარგლებში, ასევე იმსჯელეს საკანონმდებლო მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, როგორც მეთევზეობის, ისე აკვაკულტურის სექტორში, რაც მიზნად ისახავს დარგის მდგრად განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. დამატებით, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ბაზარზე საზღვაო თევზჭერის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებებზე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს ადგილობრივი საზღვაო და თევზჭერის ინფრასტრუქტურა, ქართული თევზსაჭერი გემები და თევზის გადამამუშავებელი საწარმოები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში გაიმართა და მას გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზიებისა და ნებართვების, ასევე მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტების, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები და თევზჭერის სექტორის წარმომადგენლები - მეთევზეები, ლიცენზიის მფლობელები და თევზსაჭერი გემების კაპიტნები ესწრებოდნენ.
