შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ტირანაში რეგიონულ კლიმატურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, იოსებ ქინქლაძე, ალბანეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტირანაში გამართულ რეგიონულ კონფერენციას  „კლიმატისთვის გაერთიანება - რეგიონული თანამშრომლობა მდგრადი მომავლისთვის“ დაესწრო.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა თემატური სესია, რომელიც მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების განვითარებას, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, „Copernicus“-ის სერვისების ინტეგრაციას, მოსახლეობაზე ორიენტირებული გაფრთხილების მექანიზმებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას შეეხებოდა.

პანელური დისკუსიის ფარგლებში იოსებ ქინქლაძემ მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების, ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგისა და კლიმატისადმი მედეგობის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შესახებ.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის სტიქიური პროცესების მართვა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ერთ-ერთმთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
აღინიშნა, რომ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის მოდერნიზაცია, პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინების შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოება.

კონფერენცია ალბანეთის გარემოს დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, გერმანიასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის რეგიონული კლიმატის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დარგობრივი მინისტრები, მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებიპირები, საერთაშორისო განვითარების პარტნიორები დაკლიმატის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ცხელი ხაზი: 1501