გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ამინდის პროგნოზირებისა და ამინდთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენების, ასევე ადრეული გაფრთხილების სისტემების მიმართულებით სააგენტოში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო მეტეოროლოგიური პროგნოზების გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე და დასახეს კონკრეტული ღონისძიებები მომავალი ერთობლივი საქმიანობისთვის.
შეხვედრა მიზნად ისახავდა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზირების სიზუსტის გაუმჯობესებას და საზღვაო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.
