შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოსდაცვითი განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და საქართველოს გარემოსდაცვით მმართველთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, პროფესიული ცოდნის გაძლიერებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, ფორუმები და სხვა აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გარემოსდაცვითი მმართველების პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას, მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე გარემოსდაცვითი კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოყენების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და სისტემური საკითხების იდენტიფიცირებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელია კანონმდებლობის, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის მჭიდრო კავშირი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება პროფესიულ სექტორთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ გარემოსდაცვითი მოთხოვნების პრაქტიკაში განხორციელებას“, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის, თამთა დევდარიანის განცხადებით, გარემოს დაცვის სფეროში ინფორმირებულობა და განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მოქალაქეების პასუხისმგებლობის ამაღლებაში, ისე ბიზნესისა და პროფესიული სექტორის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

„ჩვენი მიზანია, გარემოსდაცვითი ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ ხელმისაწვდომი, არამედ პრაქტიკული და გამოყენებადი. ამ მემორანდუმით ვაძლიერებთ თანამშრომლობას იმ პროფესიულ საზოგადოებასთან, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და მოთხოვნების პრაქტიკაში განხორციელებაზე. გარემოსდაცვითი მმართველების ცოდნისა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანი წინაპირობაა გარემოსდაცვითი მოთხოვნების ეფექტიანი შესრულებისთვის“, - განაცხადა თამთა დევდარიანმა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ საჯარო,  კერძო სექტორს და პროფესიულ საზოგადოებას შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501