გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავების მეორე ეტაპი გაიმართა
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის“ ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისა და საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები სარფში, გონიოში, ქობულეთსა და გრიგოლეთში სანაპირო ზოლზე შეგროვებული ნარჩენების სეპარირებას ახორციელებენ. მიღებული მასალა შემდგომი ანალიზისა და მონაცემების დამუშავებისთვის გამოიყენება.
მეორე ეტაპის ფარგლებში გრძელდება სანაპირო ზოლზე არსებული საზღვაო ნარჩენების მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი მონაცემების შეგროვება. აქტივობის მიზანია საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომი შემცირებისა და პრევენციის ხელშეწყობა, ასევე აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება საზღვაო ნარჩენების ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ეტაპობრივი ამოქმედებისა და რეგიონული მონიტორინგის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
