სააგენტოს სპეციალისტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტი თედო დუმბაძე ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის მიზანს, მტკნარი წყლის ეკოსისტემების კვლევის, თევზების მონიტორინგის, წყლის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და თევზის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე კვლევითი მიდგომების გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრების ფარგლებში, პრაღასა და ქალაქ ჩესკე-ბუდეიოვიცეში სამეცნიერო კონსულტაციები და პრაქტიკული აქტივობები გაიმართა. ვიზიტი ასევე, მოიცავდა ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის ცენტრის ჰიდრობიოლოგიის ინსტიტუტში საველე კვლევით საქმიანობაში მონაწილეობას.
სამუშაო შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მტკნარი წყლის თევზების კვლევისა და მონიტორინგის თანამედროვე მეთოდებს, საველე და ლაბორატორიულ პროცედურებს, სახეობების იდენტიფიკაციასა და წყლის ეკოსისტემების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიდგომებს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოში მტკნარი წყლის ეკოსისტემების მონიტორინგის მეთოდების განვითარებას, კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.
