გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა IPCC-ის 65-ე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა პანელის (IPCC) 65-ე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა.
სესიის ფარგლებში ძირითადი ყურადღება IPCC-ის მეშვიდე შეფასების ანგარიშის მომზადების გრაფიკის დამტკიცებასა და ორგანიზაციის საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებს დაეთმო.
დისკუსიებისას აღინიშნა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების შესახებ მსოფლიო მასშტაბით გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურის სისტემატიზაციისა და დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზის პროცესში.
IPCC-ის მეშვიდე შეფასების ანგარიში კლიმატის ცვლილების შესახებ განახლებულ სამეცნიერო ცოდნას გააერთიანებს და მსოფლიოს მასშტაბით კლიმატთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის. ანგარიშში ასახული სამეცნიერო მიგნებები მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილებისა და ცვლილებებთან ადაპტაციის მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების შემუშავებას და კლიმატის სფეროში ეფექტიანი ეროვნული პოლიტიკის განხორციელებას.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა პანელი (IPCC) 1988 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ შეიქმნა. ორგანიზაცია აერთიანებს 195 წევრ სახელმწიფოს და აფასებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო, ტექნიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ინფორმაციას. მისი საქმიანობა მოიცავს კლიმატის ცვლილების რისკების, შესაძლო ზემოქმედების, ადაპტაციის გზებისა და შედეგების შერბილების მეცნიერული საფუძვლების შესწავლას.
