გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა მიკროპლასტიკის მონიტორინგის საერთაშორისო ტრენინგში მიიღო მონაწილეობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტი ელენე ბეჟანიძე მონტენეგროს ქალაქ კოტორში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ორგანიზებულ ტრენინგს „მიკროპლასტიკის მონიტორინგის პროგრამების სტრატეგიები და დაგეგმვა“ დაესწრო.
ტრენინგის მიზანი ბირთვული და თანამედროვე ანალიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით მიკროპლასტიკის მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარება და მტკნარი და მარილიანი წყლის ეკოსისტემების მართვის გაუმჯობესება იყო.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ზღვის წყლისა და სანაპირო ქვიშის სინჯების აღებისა და დამუშავების, მიკროპლასტიკის ანალიზისა და თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების გამოყენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეთოდებს, რომლებიც პლასტმასის ნაწილაკების პოლიმერული შემადგენლობის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მიკროპლასტიკის მონიტორინგის მეთოდების ჰარმონიზაცია, მონაცემთა სანდოობის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული შედეგების შედარების შესაძლებლობის გაუმჯობესება იყო.
საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და გარემოსდაცვით კვლევებში თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დანერგვასა და გამოყენებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო გარემოს მონიტორინგის განვითარებისა და შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვის მიმართულებით.
