სააგენტოს სპეციალისტები თევზის რესურსების აკუსტიკური კვლევების მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის საკითხებზე გამართულ ტრენინგს დაესწრნენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტები, დენის იუროვი და ნოდარ გრიგოლია თურქეთში ქალაქ ტრაბზონში, ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) ორგანიზებით გამართულ თევზის რესურსების აკუსტიკური კვლევების მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის საკითხებზე საერთაშორისო ტრენინგს დაესწრნენ.
ტრენინგზე, რომელსაც Echoview-ის ექსპერტი ტობი ჯარვისი უძღვებოდა, მონაწილეებმა აკუსტიკური მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის თანამედროვე მეთოდები შეისწავლეს.
ძირითადი ყურადღება შავი ზღვის თევზჭერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახეობას ევროპულ ქაფშიას ეთმობოდა, რომელიც ბიომასის თვალსაზრისით, ყველაზე დიდ მარაგს წარმოადგენს შავ ზღვაში.
აღსანიშნავია რომ, საქართველო და თურქეთი რესურსის მნიშვნელოვან ნაწილს მოიპოვებენ, რის გამოც აუცილებელია სამეცნიერო კვლევებისა და მარაგების შეფასების შედეგების ურთიერთშედარებადობის უზრუნველყოფა.
ტრენინგის მიზანს, საქართველოსა და თურქეთის აკუსტიკური კვლევების მეთოდოლოგიის ჰარმონიზაცია და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა, რაც ხელს შეუწყობს შავი ზღვის თევზის რესურსების შეფასებასა და მდგრად მართვას.
