სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა აზერბაიჯანის რეგიონული აკვაკულტურის პირველ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა, მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მარინა მგელაძესთან ერთად, აზერბაიჯანის რეპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწვევით, აზერბაიჯანის რეგიონული აკვაკულტურის პირველ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის მიზანს აკვაკულტურის სექტორში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა, ასევე დარგის განვითარების პერსპექტივებისა და არსებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა.
პანელურ სესიაზე, ელენე ღუბიანურმა აკვაკულტურის განვითარების ეროვნულ პრიორიტეტებსა და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე პრეზენტაცია წარადგინა. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მეთევზეობისა და აკვაკულტურის დარგის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, დარგის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიაზე, წყლის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის მნიშვნელობაზე.
აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
