გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით,  ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის უწყვეტად მუშაობს.

სააგენტომ, საერთაშორისო მხარდაჭერით, ახალი პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურებიდან მიღებული მონაცემების სრულყოფილ გაანალიზებას. ჰაერის დაბინძურების დონის პროგნოზირების, მონაცემების ვერიფიკაციის და ვალიდაციის მექანიზმის ამოქმედებისთვის, სააგენტოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა ახალი პროექტის ფარგლებში დაინერგება.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის და დამაბინძურებელი ნივთიერებების ანალიზის წარმოებაა. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ უნდა შექმნას ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის კარგად განვითარებული სისტემა და შეიმუშაოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესაფერისი პოლიტიკა.

ახალ პროექტს „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ გარემოს ეროვნული სააგენტო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მმართველობის რეფორმის ფონდის" პროექტის (GRF) და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.