გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შავი ზღვის მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია მხარეებს შორის სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობა, საგრანტო პროექტების განხორციელება, სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, სემინარებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში ერთობლივი მონაწილეობა.

„მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა დაგვეხმარება, გავაღრმავოთ არსებული სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი. გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალება მიეცემა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ერთად, დაგეგმოს და განავითაროს სამეცნიერო აქტივობები, მხარი დაუჭიროს აკვაკულტურის განვითარებას და გააძლიეროს შავი ზღვის მონიტორინგი”, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა.

თანამშრომლობის მიზანია საქართველოში საზღვაო ეკოლოგიის კვლევების განვითარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება.

„გრძელვადიან პერსპექტივაში,  გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, საზღვაო ეკოლოგიის სფეროში განხორცილებული კვლევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დარგის განვითარებაში -  აღნიშნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საზღვაო სფეროში არსებული დარგების განვითარებას და მათ პოპულარიზაციას უზრუნველყოფენ.