გარემოს ეროვნული სააგენტო

სტიქიური პროცესების მონიტორინგის მიზნით მუშაობა გრძელდება

გეოლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სტიქიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, მუშაობას აგრძელებს.
საქართველოში გეოლოგიის საერთაშორისო ექსპერტი იმყოფებოდა, რომელმაც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად საქართველოს მასშტაბით 18 მეწყრული არეალი შეისწავლა. აღნიშნული კვლევების შედეგების გათვალისწინებით, მეწყრული პროცესებით დაძაბულ 10 უბანზე თანამედროვე მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგს და უზრუნველყოფს ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას.

 

პროექტის ფარგლებში, საფრთხეების შეფასების და მოდელირების თანამედროვე მიდგომების შესახებ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც შესაბამისი საჯარო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სამეცნიერო - კვლევითი და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს წყალდიდობების, მეწყრების და კლიმატით გამოწვეული სხვა ჰიდრომეტეროლოგიური და გეოლოგიური კატასტროფების რისკის შემცირებას, მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას.