გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს სპეციალისტების მიერ საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი მომზადდა

გეოლოგია

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოში 2020 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2021 წლისთვის“ საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენში „საქართველოში 2020 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2021 წლისთვის“ ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნული ბიულეტენი მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული გეოლოგიური პროცესებით დაზიანებული იმ უბნების შესახებ, სადაც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, გაცემულია რეკომენდაციები. ბიულეტენს ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზებული რუკები, საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ბიულეტენში ასახული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სტიქიური გეოლოგიური პრობლემების მართვის კუთხით, რათა, განვითარებული სტიქიის დროს, შესაბამისმა უწყებებმა შეძლონ სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა, მყისიერად ჩაერთონ სტიქიის შედეგად გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში და მოახდინონ მოსახლეობის დროული ინფორმირება.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული ბიულეტენი ყველა შესაბამის უწყებაშია გაგზავნილი. დაინტერესებულ პირებს კი, დოკუმენტის გაცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ფონდებში შეუძლიათ.