გარემოს ეროვნული სააგენტო

მოსალოდნელი ნალექების რაოდენობის და ინტენსივობის პროგნოზირების გაუმჯობესების მიზნით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 4 241 336 ლარს შეადგენს. რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“.

ახალი მეტეოროლოგიური რადარის მეშვეობით შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების  შესახებ საპროგნოზო ინფორმაციისა და გაფრთხილებების შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

რადარის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება; ამ ეტაპზე ტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

ანალოგიური რადარი, გასულ წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა და ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ განათავსა.