მარაბდის წყალსაცავზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის განაცხადის შესახებ
- თარიღი:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მარაბდის წყალსაცავზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. კერძოდ, 2024/02/02 კორესპონდენციით შპს ,,მარაბდა ლეიქმა“, განცხადებით მომართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა „ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის №326 დადგენილების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მარაბდის წყალსაცავზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა 20 წლის ვადით.
საქმიანობის პროცესში კომპანიას დაგეგმილი აქვს ყოველწლიურად არანაკლებ 20 000 ერთეული კობრის, თეთრი სქელშუბლასა და თეთრი ამურის ახალმოზარდულით წყალსაცავის დათევზიანება. საქმიანობის პროცესში კომპანია გეგმავს მუდმივად დაასაქმოს არანაკლებ 2 ადგილობრივი, ხოლო რეწვის პროცესში კომპანია დაასაქმებს დამატებით 8 ადგილობრივს, ამასთანავე კომპანია იღებს პასუხისმგებლობას წყალსაცავისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა პატრონობასა და დასუფთავებაზე.
შენიშვნების და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 150; ან ელექტრონული ფოსტის info@nea.gov.ge საშუალებით 2025 წლის 24 მარტის ჩათვლით.