გარემოს ეროვნული სააგენტო

მყინვარები

მყინვარები დედამიწის გეოგრაფიული გარსის უნიკალური ნაწილია, სადაც მოსული მყარი ატმოსფერული ნალექები დაგროვების შემდეგ ყინულად გარდაიქმნება. ისინი მტკნარი წყლის უდიდეს რეზერვუარებს და უმნიშვნელოვანეს რესურსს წარმოადგენენ.

თანამედროვე გამყინვარება არათანაბრად არის განაწილებული სხვადასხვა მდინარეთა აუზებს შორის. საქართველოში მყინვარები ძირითადად თავმოყრილია მდინარეების ენგურის, რიონის, კოდორის და თერგის აუზებში, სადაც მდებარეობს  3500 მეტრზე მაღალი მწვერვალები. მათი  საერთო რაოდენობის 35.9 % და ფართობის 62.8 % მდინარე ენგურის აუზს მიეკუთვნება.

2015 წელს ჩატარებული კავკასიონის მყინვარების ინვენტარიზაციის მიხედვით, საქართველოს მყინვარების რაოდენობა  541, ხოლო ფართობი 376.3 კმ²-ია.

დადგინდა, რომ საქართველოში  გამყინვარების ფართობი და მყინვარების რაოდენობა შემცირდა და ეს შემცირება უფრო ინტენსიურია აღმოსავლეთ საქართველოში, ვიდრე დასავლეთ საქართველოში.

მყინვარების დეგრადაცია კლიმატის მიმდინარე ცვლილების ეფექტური ინდიკატორია. ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მყინვარებთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენებისადმი ადაპტაციის სტრატეგიის განვითარება და მოწყვლად მაღალმთია რეგიონებში შერბილების ღონისძიებების გატარება.