გარემოს ეროვნული სააგენტო

კლიმატის ცვლილება

2019 წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, გლობალური რისკების შეფასებისას, კლიმატის გლობალური ცვლილება, კიბერუსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ერთად, დასახელდა

თანამედროვე მსოფლიოს უმთავრეს გამოწვევად.

 

კლიმატის გლობალური ცვლილება წარმოადგენს საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდას. კვლევები ადასტურებს, რომ დედამიწის კლიმატი შეიცვალა და დიდი ალბათობით, ეს გამოწვეულია სათბურის აირების კონცენტრაციის მატებით ატმოსფეროს ქვედა ფენებში, რომელიც მეტწილად წიაღისეული საწვავის ინტენსიურ მოხმარებას უკავშირდება.

 

საქართველო, როგორც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, კიოტოს ოქმის და პარიზის შეთანხმების მხარე სახელმწიფო, ვალდებულია, გაითვალისწინოს ზემოხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პრინციპები და განახორციელოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით (NDC) ნაკისრი ვალდებულებები.

 

დედამიწის კლიმატური სისტემის კომპონენტების სიღრმისეულ ცვლილებას სათბურის აირების შეუფერხებელი გაფრქვევები  იწვევს. გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ გასული საუკუნის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში საშუალო ტემპერატურის მატებამ და ნალექების რეჟიმის ცვლილებამ ტყის ეკოსისტემაზე გარკვეული გავლენა იქონია. აღმოსავლეთ საქართველოში სითბური ტალღებისა და განსაკუთრებით ცხელი დღეების ფონზე გაზრდილია ტყის ხანძრების ინტენსივობა და მავნებლების გავრცელება. კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ზეგავლენა გამოიხატება გვალვის გახშირებაში, წყლის რესურსების კლებასა და მიწის დეგრადაციაში.

 

საქართველოში  კლიმატის ცვლილების გამოვლინება განსაკუთრებით მწვავედ აისახება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის  და ეკონომიკის სექტორებზე. შესაბამისად, კლიმატის ცვლილება საფრთხეა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.

 

საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის უმთავრესი გამოწვევებია: კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევის შემცირება, ქვეყნის საადაპტაციო პოტენციალის გაზრდა და გამჭვირვალე ანგარიშგების სისტემის განვითარება. კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნების განსახორციელებლად საქართველოში დაგეგმილია მრავალი მაღალბიუჯეტიანი პროექტი დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნების მხარდაჭერით.