გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა კომიტეტის წევრებს წლიური ანგარიში გააცნო
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ ფიცხელაურმა კომიტეტის წევრებს სააგენტოს 2022 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო.
თამარ ფიცხელაურმა ისაუბრა ისეთ აქტივობებზე, როგორიც არის სააგენტოში დანერგილი მონიტორინგის სისტემები, სადამკვირვებლო ქსელის გაფართოება და რადარული დაკვირვება. მიწისქვეშა სასმელი წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება. ასევე, აღსანიშნავია დაგეგმილი აეროლოგიური დაკვირვების სისტემის აღდგენა, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, ადგილი დაიკავოს აეროლოგიური დაკვირვების მსოფლიო რუკაზე.
გარდა ამისა, სააგენტოს, მიმდინარე წელს დაემატა ახალი მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტრატეგიული გარემოსდაცვითი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურების განხორციელებას, ასევე, გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დაგეგმვას.
სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის წევრები და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.