განცხადება წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის შესახებ
გარემოსდაცვითი შეფასება
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა წყალმოსარგებლე ვალდებულია აწარმოოს წყალსარგებლობის აღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს მიერ 2022 წლის 25 იანვარს დამტკიცებული „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ თანახმად, წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება წყალმოსარგებლე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუ იგი ახორციელებს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ საქმიანობას, თუ ამ საქმიანობას თან ახლავს წყლის აღება ან/და ჩამდინარე წყლის ჩაშვება წყალმომარაგების წყაროების და ჩამდინარე წყლების მიმღების ტიპის მიუხედავად.
წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის მიხედვით, რომლებსაც წყალმოსარგებლეები ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 15 თებერვლისა, ელექტრონული სისტემის (https://emoe.gov.ge/) მეშვეობით ავსებენ და წარუდგენენ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე წყალსარგებლობის შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამის სამსახურებს. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას წარდგენილი წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების დადასტურების თაობაზე იღებენ არაუგვიანეს 1 აპრილისა.