სააგენტოში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს ორდღიანი გაცვლითი ლექციები ჩაუტარდათ
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიანა ქართველიშვილისა და ბიოლოგიის დოქტორის ხათუნა წიკლაურის ლექციებს დაესწრნენ.
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის ტურიზმში კლიმატური ცვლილებების გავლენასა და დაცული ტერიტორიების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრის მონაწილეები ტურისტული სერვისების განვითარების მიმართულებით ჰიდროლოგიაში, ნიადაგმცოდნეობაში, მეტეოროლოგიასა და კლიმატოლოგიაში მიმდინარე კვლევებს და ამ კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების ზეგავლენას გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ისაუბრეს ტურიზმის სფეროში ამინდის წინასწარი პროგნოზირების მნიშვნელობაზე.
აღნიშნული ლექციის ფარგლებში სტუდენტები გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპლექსურ მეტეოროლოგიურ სადგურში იმყოფებოდნენ. ასევე, მოინახულეს მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების საკალიბრაციო ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების გეგმურ კალიბრაციას.
პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაშიც ჩაუტარდათ. სადაც ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, ბიოლოგიური და ქიმიური მეთოდებით ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ლექცია-სემინარები გარემოს ეროვნული სააგენტოს წამყვანი სპეციალისტების მიერ სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ტარდება და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.