ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ აკრედიტაციის ცენტრის შეფასება წარმატებით გაიარა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ რეაკრედიტაცია გაიარა; ასევე, ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა აკრედიტირებული პარამეტრების ნუსხა.
აკრედიტაცია ლაბორატორიის კომპეტენციის აღიარებას წარმოადგენს და საერთაშორისო სტანდარტით ფუნქციონირებას გულისხმობს.
აკრედიტაციის სფერო მოიცავს ზედაპირულ, ჩამდინარე, სასმელ, გრუნტის, ტბის, ზღვის წყლებში, ასევე, ბიოგენური ელემენტების, ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნის, ჟანგბადის ბიოლოგიური მოხმარების, შეწონილი ნაწილაკების შემცველობის, პერმანაგანატული რიცხვის, ტუტიანობის, მინერალიზაციის და სხვა პარამეტრების, ატმოსფერულ ჰაერში აზბესტის 6 ბოჭკოს, ბენზო(ა)პირენის და მძიმე მეტალების გამსაზღვრას.
ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ხელსაწყო დანადგარებით. ქიმიური და ბიოლოგიური კვლევების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივების მეთოდოლოგიების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და რომელსაც უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია.