ქ. ბათუმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გაიხსნა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანნა ლიბერგმა გახსნეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებასა და ამ მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით, ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების მიმართულებებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.
„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროექტია, რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება, ასევე, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, მით უფრო, როცა ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ურბანულად ვითარდება და იზრდება როგორც მშენებლობების, ისე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.