შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა!

ჰიდრომეტეოროლოგია

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება. საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი 1992 წელს გახდა. მას შემდეგ მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება.

ბოლო წლებში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოს მასშტაბით ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით; გაუმჯობესდა  და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა   მონიტორინგის ქსელი, დამონტაჟდა თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარები, რომელთა საშუალებითაც ხდება ძლიერი ნალექებით გამოწვეული პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი უწყებებისთვის მიწოდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გაიზარდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, რაც ითვალისწინებს თანამედროვე მონიტორინგის ქსელის კიდევ უფრო გაფართოება-გაძლიერებას. განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში იგეგმება მეტეოროლოგიური სადგურების შეძენა-მონტაჟი, თანამედროვე საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემის (ICT) დანერგვა, ასევე, 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევა, რაც მიზნად ისახავს მყინვარულ ხეობებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენების განვითარებით მიყენებული უარყოფითი შედეგების მაქსიმალურ შერბილებას.

ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, დარგისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალი კადრების მოზიდვაა, შესაბამისად სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს და დაინტერესებულ სტუდენტებს სტაჟირებაზე იწვევს, რათა უზრუნველყოს მათი ჩართულობა სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაში და  მაქსიმალურად პოპულარული გახადოს პროფესიები, რომელთა მიმართაც ახალი თაობის ინტერესი ნაკლებია.