შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

7 აპრილი გეოლოგის პროფესიული დღეა

გეოლოგია

საქართველოში გეოლოგის პროფესიული დღე 1965 წლიდან აღინიშნება. საქართველოში პირველი გეოლოგიური სამუშაოები 1841 წლით თარიღდება, ხოლო საველე გეოლოგიური კვლევები და პირველი ნაშრომები 1843 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ დარგი მუდმივად ვითარდება. 

გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. კლიმატური ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შემცირება-შერბილება გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია გეოლოგიის დარგის გაძლიერება.

ბოლო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე მონიტორინგული სისტემების ქსელის მოწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს მეწყრულ უბნებზე თანამედროვე აპარატურის ინსტალაცია. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, გეოლოგიური საფრთხეებით დაზიანებული ასეულობით საკარმიდამო ნაკვეთის, საცხოვრებელი სახლების და ინფრასტრუქტურული ობიექტების შეფასება. გარდა ამისა, განახლდა მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი და სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გაიზარდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, რაც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით  15 მსხვილი მეწყრული უბნის გეოლოგიურ კვლევას და მონიტორინგის სისტემის ინსტალირებას, ასევე, ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიზნით, 2 ავტომატური სადგურის შესყიდვა-მონტაჟს. გარდა ამისა, დაგეგმილია კონკრეტული მდინარეების ხეობების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, გეოლოგიის დარგისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალი კადრების მოზიდვაა, შესაბამისად, სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.