ქ. თელავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგური გაიხსნა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 16 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის, 14 ავტომატური და 2 მობილური.
ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილე ევა ატერლოვ ფრისელმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა გახსნეს.
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ახალი ავტომატური სადგური ქალაქ თელავში დაემატა. მონიტორინგის ქსელის განვითარება გვაძლევს საშუალებას, მაღალტექნოლოგიური სადგურის საშუალებით არა მხოლოდ თელაველებს, არამედ ყველას, ვინც თელავს ესტუმრება, ჰქონდეს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სადგური განთავსდა სკოლის ეზოში; მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ, ჩვენს ახალ თაობასთან ერთად ვქმნით იმ ევროპულ მომავალს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის სუფთა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას და ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ გავაგრძელებთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება და მონაცემებზე წვდომა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და დიდი მიღწევა. შესაბამისად, შვედეთის მთავრობა ამ მიმართულებით განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას“, - აღნიშნა შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ევა ატერლოვ ფრისელმა.
რეგიონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი სადგური ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვიზიტორებისთვის ჰაერის ხარისხის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ხელმისაწვდომს გახდის.
სადგურის გახსნის ღონისძიებას შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი ნათია ბერიძე და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ავტომატური სადგური აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-დანადგარებით და შესაძლებლობას იძლევა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სრულყოფილი მონაცემები 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს. მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირბადის მონოქსიდის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), ოზონის (O3), მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) და BETX (ბენზოლი, ტოლუოლი, ეთილბენზოლი და ქსილენი) შემცველობები.